- პატრიარქალური სახელმწიფო პოლიტიკა
- პოლიტიკა, რომელიც მამაკაცსა და ქალს შორის ფუნქციების განსაზღვრული განაწილების კონცეფციას ეფუძნება. ქალის ბუნებრივ სოციალურ ფუნქციად და დანიშნულებად (მოწოდებად) დედობა, საშინაო მეურნეობის გაძღოლა და ბავშვების აღზრდა ითვლება. მამაკაცს სახელმწიფო, პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობის (მოღვაწეობის) სუბიექტის როლი აკისრია. ამ კონცეფციის თანახმად, მამაკაცი ოჯახის უფროსი და „მარჩენალია“, იგი დამაკავშირებელი რგოლია ოჯახსა და მთელ საზოგადოებას შორის. ქალთა საკითხში პატრიარქალური პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: - არაემანსიპირებული ქალის იდეალის პროპაგანდა; - მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოებრივ სფეროში ქალების მონაწილეობის შეზღუდვა; - პროფესიულ საქმიანობაში ქალის მონაწილეობის შემცირება; - დედის, ცოლისა (მეუღლის) და ოჯახის დიასახლისის „ბუნებრივი“ ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნა.Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.